ჩემი გზა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისკენ

--

მე ვარ ალისა პალოზიანი, ვარ წალკის რაიონის სოფელ კიზილ კილისიდან, ვარ სომეხი. საქართველოში გავიზარდე, მაგრამ სომხურენოვან სკოლაში ვსწავლობდი, რის გამოც ქართული ენის სწავლა თავიდან გამიჭირდა. ჩემი ისტორია ენის ბარიერის დაძლევისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ, ჩემთვის არის მაგალითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისა.

სკოლაში სწავლის დროს, მერვე-მეცხრე კლასში, უკვე ვიგებდი ქართულ ენას, თუმცა ჩვენს სოფელში უმეტესად სომხურად ვსაუბრობდით. ქართული ენის ცოდნა ჩემს მეზობლებს და მეგობრებსაც არ ჰქონდათ, ამიტომ, როცა მეზობლებს სჭირდებოდათ კომუნიკაცია ქართველებთან ან ცხელ ხაზზე დარეკვა, მე ვეხმარებოდი. მართალია, ჩემი ქართული იმ დროს არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ერთად ვცდილობდით ერთმანეთს გავუგოთ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარებისას, მეშინოდა ქართულად კომუნიკაცია. ყოველი სიტყვა ყურადღებით უნდა მეთქვა, რომ არასწორად არაფერი გამომსვლოდა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ჩემი შეცდომების გამო არავინ არ დამცინოდა, პირიქით, მასწავლიდნენ და მისწორებდნენ გრამატიკულად არასწორ სიტყვებს. ეს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია — ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ და გასწავლონ, ნაცვლად იმისა, რომ დაგცინონ.

სწავლასთან ერთად, მუშაობაც დავიწყე მაღაზიაში, რათა კიდევ უფრო გამეუმჯობესებინა ქართული. მეწყინა, როცა რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვერ გავიგე, რაც მეკითხებოდნენ. თუმცა, ეს მიტივტივებდა და ვთქვი საკუთარ თავს, რომ უკეთ უნდა მესწავლა ქართული და ქართველებივით კარგად მესაუბრა. ჩემი უფლებები არასდროს არ იყო დარღვეული, მიუხედავად ენის ბარიერისა. როცა საუბრისას იგებდნენ, რომ სომხურენოვანი ვარ, ყოველთვის მოთმინებით და დახმარებით მომეკიდებოდნენ.

ამ ყველაფერმა დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა. განათლება და ინტეგრაცია ნებისმიერი ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია, და ამ პროცესში მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი საქართველოს მოქალაქეთა შორის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. ქართველები, ვისთანაც ვსაუბრობდი, არა მხოლოდ დემოკრატიულები არიან, არამედ მზად არიან, დაეხმარონ სხვებსაც და გააზიარონ ცოდნა.

ეს გამოცდილება ჩემს თვალში მტკიცედ აყალიბებს იდეას, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები არის ყოველი ადამიანის ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი ენის, ეროვნების ან სხვა განსხვავებების მიუხედავად.

ბლოგის ავტორი: ალისა პალოზიან
ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსისთვის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის

--

--