ფიქრები დემოკრატიაზე

--

რამდენჯერ გაგიგია სიტყვები „დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხთა მმართველობას/ძალაუფლებას ნიშნავს?“ ან ის, ჩერჩილი ამბობდააა… „დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა იმ მართველობის ფორმას, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია“1. კარგი გავიგეთ და მერე? იქნებ დემოკრატია მმართველობის ყველაზე დეპრესიული ფორმაც არის სხვა დანარჩენთან ერთად? ან იქნებ ის პასუხისმგებლობასაც გაკისრებს, როგორც ერთეულ მოქალაქეს? იქნებ ადამიანი ამჯობინებს დაემორჩილოს „დიდ ინკვიზიტორს2“, „დიდ ძმას3“, ვიდრე საკუთარ ხელში აიღოს პოლიტიკის განსაზღვრის თავისუფლება? ალბათ კი. ალბათ კი იმიტომ, რომ ზოგი არც არჩევნებზე მიდის, არც აქციაზე და საერთოდ არც კი ღელავს იმაზე ვინ იქნება იმ ქვეყნის სათავეში, რომელშიც თუ არა ცხოვრობს, არამედ აფინანსებს საკუთარი ხელფასის დაახლოებით ერთი მეხუთედით (საქართველოს შემთხვევაში). ვიღაცეები მიდიან… მაგრამ მანდაც ხომ ბევრი ისეთია მთავრობამ რომ აიძულა მიდი და ხმა მომეციო, ან კიდე რამდენიმე კარტოფილით იყიდა მისი უნიკალური უფლება.
ამ ფიქრებით გართული, მძიმე სამუშაო დღის მერე, დგახარ ხალხით სავსე ავტობუსში, ოღონდ განა მარტო სავსე, ისეთ სავსე ავტობუსში ერთმანეთზე „მიწეპებულ“ უცხო ხალხს გაჩერებაზე ვიღაცა გარედან რო გეძახით „გადაიწიეთ რა, ნახეთ რამხელა ადგილია?“ გადაიწეოდი კიარა საერთოდ ჩახვიდოდი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს შენი სამსახურიდან მარტო ერთი ავტობუსი მიდის იქ სადაც ხალხი გელოდება. ხალხი რომელსაც არც პასუხისმგებლობის ეშინია, არც რეჯიმის ან მისი მუქარების და არც იმის რწმენას კარგავს, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს სტესული, მაგრამ გაძლევს იმ თავისუფლებას, რომელსაც უწინ ასე შენატროდნენ.

მერე უფიქრდები… „და ისიც ხომ დემოკრატიაა მე რომ აქციაზე მივდივარ და იქ ჩემ ნაღველს, დარდს ან გაბრაზებას გამოვხატავ?“ ეგეც დემოკრატიაა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს.

დემოკრატიის ხის სიმაღლე, განა შედეგიდან იზომება, არამედ იმ ფესვებიდან, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ერთი პოზიციით „თავისუფლება გადაწყვიტოს“. მერე რა თუ ხანდახან დემოკრატიის შედეგად პოპულისტები მოდიან მთავრობაში, ჩვენ ხო ვიცით რომ, მათი ფარისევლური ძალაუფლება დროებითია. სულ ცოტა, მოთმინება და ძალისხმევაა საჭირო და მეტი ხალხი დაინახავს მათ რეალურ სახეს. მეტიც, იმდენად უცნაურია ეს დემოკრატია, რომ ხანდახან ის უნგრეთის პრეზიდენტსაც კი ყავაზე უშვებს. ხანდახან სუბიექტურიცაა, ხანდახან კი მისი ობიექტურობა რუსთაველის გაზირიდან ევროპის მოედნამდე გადის, გორგასლის ძეგლზე ძვრება და მის ხელზე საქართველოს დროშას ამაგრებს. ყველგან მყოფი ყველასთან მავალი ხან ემიგრანტის გულშია, ხან კიდე იმ ადამიანის, რომელსაც საქართველოდან წასვლაზე ბევრჯერ უფიქრია.

როგორი კომპლექსურია არა ეს დემოკრატია?! ხან ის არის ხან ეს არის, ხან იქ არის ხან აქ არის. მაგრამ რო უფიქრდები თითქოს რამდენიც არ უნდა ურეკონ ამ დემოკრატიას, რამდენიც არ უნდა აშინონ, დახვდნენ და ურტყან, მაინც იარსებებს. ბევრჯერ დაეცემა, დაიწვება, ფერფლად იქცევა, მაგრამ იმაზე ძლიერ აღდგება, ვიდრე იყო. მთავარია დემოკრატია ფენიქსში არ აგვერიოს, კი იგივე თვისებები აქვს, მაგრამ რაღაც უფრო დიადია. რთული სათქმელია რა, მაგრამ ერთი უეჭველია, დემოკრატია არის თავისუფალ, დამოუკიდებელ ხალხთა ერთობა, იმდენად, რამდენადაც თავისუფალ, დამოუკიდებელ ხალხთა ერთობა ქმნის დემოკრატიას.

ავტობუსში მდგომს ფიქრი ისევ გაგიწყდა, მაგრამ ამჯერად გიხარია, ვინაიდან, შენი დანიშნულების ბოლო წინა სადგურზე ჩაგესმა ხმა: „დემოკრატია… შემდეგი გაჩერება ევროკავშირი“.

ავტორი: დავით ხომერიკი
ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსისთვის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის

ბიბლიოგრაფია:

  1. “Democracy is the worst form of Government except for all those other forms that have been tried from time to time” — Winston Churchill.
  2. ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ შექმნილი ტირანი მართველის სახე დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“.
  3. ტოტალიტარული მმართველის სახე ჯორჯ ორუელის „1984“-დან.

--

--

No responses yet