სცენაზეა ჯეიმს ბოლდუინი
ამ ერთი თვის წინ თბილისში ZEG ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 100-მდე სპიკერი გასნხვავებულ თემებზე კიდევ უფრო განსხვავებულად საუბრობდა. საუბრობდნენ სხვადასხვა ემოციით, ტონით, ტემბრით, სხეულის ენით, ლექსიკითა თუ დამოკიდებულებით, მაგრამ ამ მრავალ-მრავალ სხვადასხვაობას შორის არსებობდა ერთი რამ, რაც თითოეულ მათგანს ერთ მაგიურ წრეში აქცევდა და რომელიც იმთავითვე გაცხადებული არ ყოფილა, ამას მსმენელი გრძნობდა და ხედავდა როგორც იტყვიან, მესამე თვალით და ეს იყო მათი შინაგანი თავისუფლება, ელაპარაკათ სუბიექტური სიმართლე, ის, რასაც ნამდვილად უნდოდათ, ეთქვათ და წამით, ფრაგმენტულადაც კი არ შეელამაზებინათ იგი.
არ ვიცი, რამდნენად მასიური იყო ის შურისმაგვარი განცდა სხვა იქ მდგომ მსმენელში, რაც მაშინ შეფარულად ვიგრძენი, მერე კი ფიქრით მივუბრუნდი და იქამდე ვუტრიალე, სანამ კარგად არ გავიაზრე. შური, ალბათ, ცუდი ნათქვამია, მათ მიმართ კეთილი შური უფრო არბილებს იმის აღიარებას, რომ ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ და ამ ცხოვრების აქ გაგრძელების სურვილს ადევნებულ ადამიანებს ჯერ კიდევ გვიჭირს, საკუთარი ფიქრი სიტყვებად ისე გამოვთქვათ, რომ მას იმ სივრცისთვის, საზოგადოებისთვის, კოლექტივისთვის შესაბამისი ფორმა, კონტექსტი და ვალიდურობა არ მივცეთ. აბა, გაბედე და არ მისცე… — როგორო, კაცო, გაგონილა, ქალი ასე გაილექსოს, ქალმა სექსზე ილაპარაკოს, კაცმა — მენსტრუაციაზე?! — იტყვიან და იტყვიან ისე, რომ დიდხანს ვერ ამოიგდებ მთქმელის პირ-სახეს თვალებიდან. მერე ჩვენც ვსხვედვართ და კაცმა არ იცის, ვინ და რამდენს ვფიქრობთ ამ ყველაფერზე, ვინაც, საერთოდ არ ფიქრობს და უბრალოდ, ეგრე თავისით, ინსტინქტში გადაუდის, რომ სადღაც, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფში მოხვედრისას საკუთარი აზრი, საკუთარი წილი სიტყვა უბრალოდ საკუთარსავე თავში უნდა შეინახოს. არ შეინახავ და — როგორო, კაცო, როგორო…
მე-20 საუკუნის ამერიკას ჰყავდა ერთი არაჩვეულებრივი შავკანიანი მწერალი და აქტივისტი — ჯეიმს ბოლდუინი, რომლის შესახებაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობდა, მან ზრდასრულობაში წამგებიანი პოზიციიდან შეაბიჯაო. ეს ფრაზა ძალიან ზუსტი მსაზღვრელია არა მარტო თავად ბოლდუინის, „შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი“ ახალგაზრდა მამაკაცის საზოგადოებრივ კლიშეებთან ბრძოლის მთელი ისტორიისა, არამედ იმ შიშებს აყოლილი ადამიანებისაც, რომელზეც შესავალში ვისაუბრე. ჩვენ, ვიღაცები, ვინც საკუთარ სხვადასხვანაირობაზე, განსხვავებულობაზე ათასნაირი ნიშნით ხმამაღლა ავლაპარაკდებით, ხვალინდელ დღეში წამგებიანი პოზიციიდან ვაბიჯებთ, რადგან სიტყვის თავისუფლების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მაგიური წრეა, თუმცა, წამგებიანი პოზიცია აუცილებლად არ გულისხმობს დამარცხებას. აქ საკითხი იმაზე დგას, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე — შეიძენს თუ არა საზოგადოება ღიაობის უნარს? შეძლებს თუ არა, მოუსმინოს წინ მდგომი ადამიანის ხმას ზუსტად ისეთს, როგორიც არის — არათუ უფრო მშვიდს, არათუ უფრო კორექტულს, არამედ, ზუსტად ისეთს, როგორიც არის. მიიღოს, აღიქვას და გააანალიზოს ამ ხმით გაჟღერებული თითოეული აზრი და იდეა ისე, რომ მის დაკნინებას, შეურაცხყოფას არ ეცადოს. ვინ დაითვლის იმ ამბებს, რომლებიც ჩვენში სწორედ ამ შიშებისა და მიუღებლობების გამო იხარშება, ან კიდევ ვინ იცის, თუ რამდენი ვართ „ჩვენ“, რამდენი ერთმანეთზე უფრო მძიმე ამბის მატარებელი… სიტყვის თავისუფლება ქოლგასავით ახურავს ყველა ამ პრობლემას — გამოხატვის თავისუფლების ნაირგვარობებს, ასიათასობით მაგალითს, რომლებიც მოწმობენ, თუ რამდენად უჭირს საზოგადოებას, ადამიანი მიიღოს თავისი ყველაზე უფრო ნამდვილი, ყველაზე მეტად ცოცხალი სახით.
თუმცა, ზუსტად ამიტომ, დაკიდეთ ჯეიმს ბოლდუინის ფოტო საძინებელში და ძილის წინ თვალებში უყურეთ. თუ გინდათ, ჩაანაცვლეთ ჯეიმს ბოლდუინი ბიტნიკებით, სხვა ამერიკელი და ფრანგი რევოლუციონისტებით, სუფრაჟისტებით… — მოძებნეთ ადამიანები, რომლებიც ხმას იმაღლებდნენ იმ საზოგადოებაზე, სადაც მათ არ იღებდნენ, მაგრამ მაინც ისეთებად რჩებოდნენ, როგორებიც თავად უნდოდათ, ყოფილიყვნენ — მოძებნეთ და დიდხახნს, დიდხანს უყურეთ თვალებში. მხოლოდ ასე შეიძლება, მოიპოვო თავდაჯერება იმისა, რომ ერთ დღეს ახვიდე სადღაც, შენთვის აბსოლუტურად უცხო ქვეყნის, უცხო დედაქალაქის საინტერესო ფესტივალის სცენაზე და ხმამაღლა, გაუპრანჭავად ილაპარაკო ყველაფერზე, რაც გონებაში ზუსტად იმავე სიტყვებით გიტრიალებს, როგორც ხმამაღლა ამბობ.
თანაც, ვინ იცის, დარბაზიდან ვინ გისმენს…
ავტორი: მარიამ ქავთარაძე
ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსისთვის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”
