კომიქსებიდან კონსტიტუციამდე: სუპერგმირების სამყარო დემოკრატიის სარკეში
წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს გაიღვიძე და დილის რუტინას მიჰყევი. შემდეგ, სამზარეულოში გადაინაცვლე და საუზმის მომზადებას შეუდექი — ხილიანი იოგურტი და შემწვარი კვერცხი, ან კარაქიანი პური და თაფლი, რომელსაც თან ყავის სურნელი ერთვოდა. ყავა ფინჯანში ჩაასხი და სასტუმრო ოთახში გახვედი, ჩვეულებისამებრ, ლეპტოპი ჩართე, რომ დილის ახალი ამბები წაგეკითხა. ვებ-გვერდი გახსენი და თვალი გადაავლე სათაურებს. უცებ, ერთმა სტატიამ შენი ყურადღება მიიპყრო: „სუპერგმირები ჩვენს ქალაქში — საქართველოს კონსტიტუციის უბადლო მცველები!“ გაკვირვებულებმა რამდენჯერმე დაახამხამე თვალები და გაიფიქრე: ნუთუ ეს სიზმარია? ყავის ყლუპი მოსვი და სტატიის კითხვას გულდასმით შეუდექი. აღმოჩნდა, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული ძალები აქვთ, გამოჩნდნენ დედაქალაქში. ისინი აცხადებენ, რომ მათი მისიაა დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობები.
სტატიიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთ სუპერგმირს შეუძლია აზრების წაკითხვა და ამას იყენებს კორუფციის გამოსავლენად. მეორეს აქვს ზებუნებრივი სისწრაფე, რითაც ეხმარება სამართალდამცავებს დამნაშავეების დაკავებაში. მესამეს კი შეუძლია ჰაერში ფრენა, რითაც აკონტროლებს სახელმწიფოებრივ საზღვრებს. ყავის ყლუპი კვლავ მოსვი და ფიქრობდი, რამდენად შეიცვლებოდა ცხოვრება თქვენს საყვარელ ქალაქში? არის ეს ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოსთვის? როგორ გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეებზე? მალე მიხვდი, რომ არა, ეს სიზმარი არ არის, უბრალოდ საქართველოს კონსტიტუცია გადაიქცა კომიქსად, მაგრამ ეს უბრალო კომიქსი არ არის, ეს არის სენსაციური, ეპიკური ისტორია დემოკრატიის, თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის შესახებ, სადაც თითოეული მუხლი ახალ და დაუვიწყარ თავგადასავალს გვთავაზობს.
დავიწყოთ 1–ელი მუხლით, რომელიც გვეუბნება, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“. ეს ჟღერს როგორც სუპერგმირების გუნდის დევიზი, არა? წარმოიდგინეთ კაპიტანი საქართველო, რომელიც იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას თავისი მაგიური ძალით, გამძლეობით — ზუსტად ისე, როგორც ქართველი ხალხი იცავს თავის სუვერენიტეტს! მაგრამ კაპიტანი საქართველო მარტო არ არის ამ ბრძოლაში. მას ჰყავს მოკავშირეები — მოქალაქეები, რომლებიც ერთად ქმნიან „დემოკრატიისა და სამართლიანობის ლიგას“.
მე–3 მუხლი კი გვიხსნის ამ ლიგის ძალის წყაროს: „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“. ეს კი ნამდვილად ჰგავს ადამიანი ობობას ცნობილ ფრაზას — „დიდი ძალაუფლება ქმნის დიდ პასუხისმგებლობას“. წარმოიდგინეთ მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მოქალაქეები იყენებენ თავიანთ „სუპერ-ხმას“, რათა განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი!
მე-11 მუხლი გვესაუბრება თანასწორობის უფლებაზე. ეს ძალიან ჰგავს X-Men-ების ბრძოლას თანასწორობისთვის, არა? წარმოიდგინეთ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციები, სადაც მოქალაქეები, როგორც სუპერგმირები, იცავენ თანასწორობის პრინციპს და ებრძვიან დისკრიმინაციას!
ახლა კი, განვიხილოთ შემდეგი მუხლი. მე-17 მუხლი გვესაუბრება აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებაზე. წარმოიდგინეთ სუპერგმირი სახელად „თავისუფალი სიტყვის ავტობოტი“, რომელიც იბრძვის ცენზურის წინააღმდეგ თავისი რადიო სიხშირით! მაგრამ ფრთხილად, ამ გმირს ჰყავს მტერი — „დეზინფორმაციის დესეპტიკონი“, რომელიც ავრცელებს ყალბ ამბებს არჩევნების შესახებ და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩევლები. „თავისუფალი სიტყვის ავტობოტი“ იყენებს თავის „ფაქტების შემოწმების“ სუპერ-ძალას, რათა გაანეიტრალოს დეზინფორმაცია და დაიცვას საზოგადოება მანიპულაციისგან.
31-ე მუხლი კი იცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. წარმოიდგინეთ რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია, სადაც ათასობით ადამიანი, როგორც S.H.I.L.D–ის არმია, იყენებს თავის ხმას და ერთიანობას, რათა დაიცვას დემოკრატია და ევროპული მომავალი!
მაგრამ ყველა სუპერგმირს ჰყავს სუპერ-ბოროტმოქმედი, არა? ჩვენს შემთხვევაში ეს არის კორუფცია, უსამართლობა, უთანასწორობა და დეზინფორმაცია. საბედნიეროდ, კონსტიტუცია გვაძლევს „სუპერ-ძალებს“ ამ ბოროტების დასამარცხებლად — დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კრიტიკული აზროვნების სახით.
წარმოიდგინეთ „მედია-წიგნიერების სუპერგმირთა კოსმიური აკადემია“, სადაც მოქალაქეები სწავლობენ, როგორ გაარჩიონ სიმართლე სიცრუისგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ან „ციფრული დემოკრატიის ევენჯერები“, რომლებიც იყენებენ Stark Industries ტექნოლოგიებს, რათა გახადონ საარჩევნო პროცესი უფრო გამჭვირვალე და სანდო.
ასე რომ, მომავალში როცა თვალს გადაავლებთ საქართველოს კონსტიტუციას ან მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სუპერგმირი ქვეყნის მთავარ კომიქსში. თქვენი სუპერ-ძალა არის მედია–წიგნიერება და აქტიური მოქალაქეობა. გახსოვდეთ, რომ ყველა მოქალაქე არის პოტენციური სუპერგმირი, რომელსაც შეუძლია დაიცვას დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიმართლე ბოროტმოქმედებისგან — დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან.
ასე რომ, აიღეთ თქვენი კოსმიური წიგნისგან, კონსტიტუციისგან, მინიჭებული „სუპერ-კოსტიუმი“, შემოიცვით კრიტიკული აზროვნების „მოსასხამი“, გაიკეთეთ აქტიური მოქალაქის „ნიღაბი“ და გახდით დემოკრატიის დამცველი! ბოლოს და ბოლოს, ვინ თქვა, რომ კანონები, დემოკრატია და არჩევნები მოსაწყენია? ისინი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გქონიათ — თავგადასავალი, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს!
ავტორი: მარიამი დანელია
ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსისთვის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”