ადამიანის უფლებები, აქ და ახლა
,,გამარჯვება’’, ჩემი ახლობლის, ოთიას აზრით, მისალმების ძველი ფორმაა, მეფის რუსეთის დროს არსებული. მერე აკრძალულა, აჯანყებების ჩახშობის შემდეგ, რათა მეფის გვირგვინის მთავარი სამკაულის ოპიზრებს, ქართველებს, უკვე ჭიქა არყით მადა გახსნილებს, არ გახსენებოდათ წარსული დიდება, საიმპერიო რაზმების გლეხი ყაჩაღების მიერ დამარცხება, რომ იწვევს. ,,გამარჯვება’’ აკრძალეს, ამისთვის თითქმის ,,კართაგენი დაანგრიეს’’, მაგრამ ამას ჩემი ოთიასთვის ხელი არ შეუშლია გამარჯობაზე გამარჯვებით ეპასუხა.
ადამიანის უფლებებიც მსგავსი ბუნებისაა, შეიძლება გაანადგურონ ან უკეთეს შემთხვევაში პროპაგანდას მიუგდონ საჯიჯგნად თუმცა გვიანია, ის არსებობს ანუ გააზრებულია, ნაგრძნობია, ამიტომაა რომ ,,არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების’’. რამდენიმე მთავარი თვისება აქვს, ყოველთვის აქაა, ახლაა და ადამიანისგან მომდინარეობს. უფლება ადამიანისაა, პირდაპირ არც ჩემია და არც ოთიასი, ჩვენია, ამიტომ მავანის მცდელობა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ფურცელში, მატერიაში დაინახოს ფუჭია. უპირველესად, ისიც ადამიანია და შეუძლებულია თავის უფლებას მარტოდენ წაკითხულით, ნაამბობით აღიქვამდეს, ვერ იტყვის ვსუნთქავ, რადგან სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით მაქვს გარანტირებულიო. ამ უფლების მატარებლები ჩვენ, ჩვენი მთელი არსებით ვართ და ხშირშემთვევაში ის ყოველდღიურობაში ვლინდება, აქილევსი ,,ფეხმარდობდა’’, ასე მოსდგამდა ღვთიური საწყისი და თეზევსის (მეფის) ნება იმ ხანად, კანონად რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, არაფერ შუაში იყო.
კიდევ, უფლების თვისება თავისუფლებაა, ვფიქრობ ადამიანის მოძრაობას ყველაზე მეტად აქ აქვს აზრი. მთვარის მოსატაცებლად წასული ემხვარი, მიუხედავად ენგურის ჩვევისა, იყოს ხმაურიანი და მღელვარე, მაინც მიდიოდა მთვარისკენ, მისი იყო და აბა რა უნდა ექნა?! მოძრაობდა, ცოდნით, რომ სიკვდილის ფასი ჰქონდა მის ზრახვას, მაგრამ მიზანიც შესაფერისი იყო. ადამიანის უფლებების დაცვაც, სწორად გამოყენებაც, ასეთივე მიზანია, მისკენ მიმავალ გზაზე თავისუფლები უნდა ვიყოთ და ჩვენი, ადამიანების ძალაც ესაა. თუ ადამიანი თავისუფლებისკენ არ მიილტვის, რთულია იგრძნოს უფლება, რაც მას ადამიანად დაბადებამ მიანიჭა, მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უმკურნალოს ტირანს შაკიკზე გილიოტინით და ამას, სწორედ მაშინ ახერხებს, როცა იაზრებს თანასწორობის მნიშვნელობას ადამიანებს შორის.
კიდევ, უფლების თვისება არსებობაშია, ცხოვრებაშია. არსებობა ცხოვრებისგან იმით განსხვავდება რომ ერთი საზრისს გადარჩენაში ხედავს, მეორეს პირველის საზრისი არ აკმაყოფილებს და მასთან ერთად ითვალისწინებს, რომ ანიდან — ჰოემდე, ადამიანისთვის, დაბადებიდან — სიკვდილამდე, ბეთჰოვენის მოსმენაც კარგია, თუ ორკესტრის ცოცხალ შესრულებას უსმენ უკეთესი, მაგრამ თუ გადარჩენაზე გიწევს ფიქრი გახსოვდეს ადამიანის სიცოცხლეც დაცულია, კონსტიტუციით.
ადამიანის უფლებები ყველგან და ყველაფერშია, რადგან თვითონ ადამიანია არსება, რომლისთვის ზღვარს ხშირშემთხვევაში ფიქრი ადგენს, ამიტომაა რომ ვთანხმდებით კოსმოსში ქცევის წესებზე და დედამიწაზე ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე, ზოგჯერ ვერც ვთანხმდებით თუმცა აქაც ვიხსენებთ რისი უფლება გვაქვს და რისი არ, შედეგად მორიგებას შესატყვისი ყველაზე ენაზე მოვუძებნეთ. ყოველშემთხვევაში, ჩვენი უფლებები ჩვენს კი-სა და არა-შიცაა და ეს კარგია, არ არსებობს მათზე გულრწფელი სიტყვები.
და ბოლოს, გამარჯვებას გისურვებთ, თქვენი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ფიქრში თუ როგორ გამოიყენოთ ის, აქ და ახლა, რადგან ხვალ ისევ გვქონდეს საბრძოლო, ნუ დაგვავიწყდება, რომ გამარჯვება მოაქვს ბრძოლას.
ავტორი: ლუკა ტაკიძე
ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონკურსისთვის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”
